ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საქმე

WP-ის ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში საუდის არაბეთის პრინცი იმუნიტეტით სარგებლობს – აშშ

Reuters

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის იურისტების ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი, როგორც უცხო ქვეყნის მთავრობის მეთაური, ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ სარჩელში იმუნიტეტით სარგებლობს. მოკლული ჟურნალისტის საცოლემ ეს გადაწყვეტილება მაშინვე გააკრიტიკა.

როგორც ცნობილია, სექტემბრის ბოლოს, საუდის არაბეთის მეფემ სამეფო პრინცი მუჰამედი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 

"ჯემალი დღეს კიდევ ერთხელ გარდაიცვალა. ვიფიქრეთ, რომ სამართლიანობის სინათლე აშშ-დან გამოანათებდა, თუმცა, ფული, ისევ, პირველი აღმოჩნდა". - წერს ხაშოგის საცოლე, ჰატიჯე ჩენგიზი Twitter-ზე. 

საუდის არაბეთის მთავრობის კომუნიკაციების ოფისსა და ვაშინგტონში საუდის არაბეთის სპიკერს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 

2018 წლის 2 ოქტომბერს Washington Post-ის ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, მათ მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს.

ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-ს შეფასებით მკვლელობის უკან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იდგა, თუმცა მაშინ ბრალდება საჯაროდ არ გაჟღერებულმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ CIA-ს ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კავშირი არ დაუდგენია.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის შეთანხმების გაუქმებასაც.

კომენტარები