რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Haaretz: ისრაელი დათანხმდა უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების გადაცემას

ისრაელი დათანხმდა უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების გადაცემას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Haaretz ავრცელებს. 

დასავლეთის დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ისრაელმა გადაწყვეტილება აშშ-სგან წნეხის შედეგად მიიღო, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელს უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება მოსთხოვა, რათა ის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით არ შემოფარგლულიყო. 

აღნიშნულ შეიარაღებას ისრაელი უკრაინას NATO-ს წევრი სახელმწიფოს გავლით მიაწვდის.

ამერიკული წყაროების მიხედვით, ისრაელი უკრაინას ასევე სადაზვერვო ინფორმაციითაც ეხმარება.

ომის დაწყების პირველი დღეებიდან, უკრაინელი მაღალჩინოსნები ისრაელს პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტებით, მიმართვებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით რკინის გუმბათს სთხოვდნენ. თუმცა იერუსალიმი  როგორც თავდაცვითი, ისე მოიერიშე სისტემებით კიევის დახმარებისგან თავს ამ დრომდე იკავებს. ისრაელი უკრაინისთვის დახმარებისგან თავს აქამდე სირიაში რუსული კონტინგენტის ყოფნის გამო იკავებდა. რუსეთი იცავს სირიის საჰაერო სივრცეს.

9 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას ამ კვირაში დაასრულებს, უკრაინის მიმართ ისრაელის პოლიტიკა განმარტა. მისი თქმით, ისრაელს არ აქვს უკრაინაში ექსპორტისთვის საკმარისი შეიარაღება.

"ჩვენი პროდუქციის მასშტაბი ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობაზე დაბალია. არ გვაქვს [უკრაინის საჭიროებების] შესაბამის წარმოების ბაზა. პოლიტიკის ცვლილება რომც გადაწყდეს, ჩვენი მხრიდან შეუძლებელი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცარიელება. ეს საუბარი ფუჭია". – თქვა განცმა.

ამას გარდა, ბენი განცმა აღნიშნა, რომ ისრაელი დახმარების შესაძლო ვარიანტებს გადახედავს.

"ვამოწმებთ რა შეიძლება გაკეთდეს და გაფართოვდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას". – თქვა განცმა.

კომენტარები