აშშ-საქართველო

ბოკერია: ივანიშვილი და მისი გარემოცვა რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე მარტო გვტოვებს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობატა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვას ეხმაურება. ბოკერიას სიტყვებით, ქართული ოცნების გამო, ნაცვლად იმისა, რომ სენატში ქვეყნის "თავისუფალ სამყაროში დაბრუნებაზე" საუბრობდნენ, დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, რომ საქართველო საპირისპირო მიმართულებით მიდის. 

"იმის ნაცვლად რომ აშშ-ს სენატში, კონგრესში, ზოგადად აშშ-ში, ვაშინგტონში, ბრიუსელში ახლა ჩვენი მთავრობის ძალისხმევით განხილვის საგანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების სარტყელში მოხვედრა, ნატოში გაწევრიანება, აშშ-სთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ანუ ჩვენი თავისუფლების დაცვა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დისკუსია არის იმაზე, რომ საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და, თუ ეს კურსი გაგრძელდება, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი გაუცხოვება გარდაუვალია.

ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ფინანსური და ძალაუფლების ინტერესის გამო შეკრულია პუტინის ამოცანებთან და გვტოვებს მარტო რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე ისე, როგორც ჩვენ აღმოვჩნდით 90-იანებში, როცა გენოციდი მოგვიწყო დასუსტებულმა რუსეთმა. რუსეთის უკრაინის მიერ დამარცხების შემდეგაც ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეცვალა საქართველომ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევცვალოთ ეს მოღალატე რეჟიმი". - ამბობს გიგა ბოკერია.  

სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკა შეაფასეს. სხომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოში დიდი უკუსვლაა, მისივე სიტყვებით, აშშ-მ უნდა იფიქროს, არის თუ არა დრო, გადახედონ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას - სენატორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ, შესაძლოა, მხარდაჭერის ნაწილი საქართველოს ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.  

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი კი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში დემოკრატიის უკუსვლაა, რაც, მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია. დონფრიდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.   

კომენტარები