ბრენდან ფრეიზერი

ბრენდან ფრეიზერი: ოქროს გლობუსს არ დავესწრები, დედას თვალთმაქცად არ გავუზრდივარ

Independent

ბრენდან ფრეიზერმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში ოქროს გლობუსისადმი საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ილაპარაკა.

"ბევრი უსიამოვნო მოგონება მაკავშირებს HFPA-სთან(HFPA - ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია, ოქროს გლობუსის გამცემი ორგანიზაცია). დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმ ისტორიის გამო. დედაჩემს თვალთმაქცად არ გავუზრდივარ, რაც გინდათ მიწოდეთ, მაგრამ თვალთმაქცი არ ვარ". – ამბობს მუმიის ვარსკვლავი.

მსახიობის თქმით 2003 წელს ის სექსუალურად შეავიწროვა HFPA-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ფილიპ ბერკმა. ფრეიზერმა უსიამოვნო ამბის შესახებ საჯაროდ 2018 წელს ილაპარაკა. საპასუხოდ HFPA-მ ბერკის საქციელი გააკრიტიკა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არანაირი დისციპლინური ზომა არ მიიღო. 

ფრეიზერი 1990-2000-იანი წლების სათავგადასავლო და კომედიური ფილმების ვარსკვლავი იყო. მსახიობი არ იყენებდა დუბლიორს და ყველა ტრიუკს თავად ასრულებდა, გადაღებებზე მიღებულმა რამდენიმე ტრავმამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეარყია. მსახიობის განმარტებით იმავე პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებს დაემატა დედის გარდაცვალება, ცოლთან, უაინონა რაიდერთან განქორწინება და ბერკის მხრიდან სექსუალური ძალადობა. პრობლემების ფონზე ფრეიზერს დეპრესია დაეწყო და კინოდან პრაქტიკულად წავიდა.

2022 წელს ფრეიზერმა დარენ არონოფსკის ფილმში The Whale ითამაშა. მთავარმა როლმა რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა. დიდ კინოში დაბრუნებულ მსახიობს ოქროს გლობუსის ნომინაციასაც უწინასწარმეტყველებენ.

The Whale საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გამოვა.

 

კომენტარები