რუსული კომპანია

Reuters: ამერიკულად შენიღბული რუსული პროგრამა აშშ-ს არმიაში მოხვდა

REUTERS/Aude Guerrucci

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, Apple-ისა და Google-ის ონლაინ მაღაზიებში განთავსებული ათასობით აპლიკაცია შეიცავს კომპიუტერულ კოდს, რომელიც ეკუთვნის ტექნოლოგიურ კომპანიას, Pushwoosh-ს. კომპანიის მტკიცებით, შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული, მაგრამ Reuters-ის ცნობით, იგი რუსულია.  

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ძირითად საფრთხეებთან ბრძოლის მთავარმა სააგენტომ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) Pushwoosh-ის პროგრამა შვიდი საჯარო აპლიკაციიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც პროგრამის რუსული ფესვების შესახებ შეიტყო. სააგენტოს მტკიცებით, ამის მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებაა. 

აშშ-ს არმიის განცხადებით, მარტში, იმავე შეშფოთების გამო, ამოიღეს აპლიკაცია, რომელიც Pushwoosh-ის კოდს შეიცავდა. აპლიკაციას ჯარისკაცები ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საბრძოლო მომზადების ბაზაზე იყენებდნენ. 

კომპანიის დოკუმენტების თანახმად, Pushwoosh-ის სათავო ოფისი ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში მდებარეობს. აქ იგი რეგისტრირებულია, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც, ასევე, მონაცემებს ამუშავებს. კომპანიაში დაახლოებით 40 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის გასული წლის შემოსავალმა 143 270 000 რუბლი (2.4 მილიონი დოლარი) შეადგინა. ამას გარდა, Pushwoosh-ი რუსეთის მთავრობასთანაა რეგისტრირებული გადასახადების რუსეთში გადახდის მიზნით. 

ამის მიუხედავად, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, სოციალურ მედიასა და აშშ-ს მარეგულირებელ დოკუმენტებში კომპანია თავს ასაღებს, რომ თითქოს სხვადასხვა დროს კალიფორნიაში, მერილენდსა და ვაშინგტონშია დაფუძნებული. 

ამავე სტატიაში Reuters-ი წერს, რომ Pushwoosh-ი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს აწვდის კოდს და მონაცემთა დამუშავებაში ეხმარება. ეს მათ საშუალებას აძლევს, სმარტფონის მომხმარებლების ონლაინ აქტივობა დააფიქსირონ და კომპანიის სერვერებიდან შეტყობინებები გაგზავნონ.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი კომპანიები აიძულა, რომ მომხმარებელთა მონაცემები შიდა უსაფრთხოების სააგენტოებისთვის გადაეცა.

Pushwoosh-ის დამფუძნებელმა, მაქს კონევმა ელექტრონული წერილით Reuters-ს უთხრა, რომ კომპანიას არ უცდია რუსული წარმოშობის შენიღბვა. 

"მე ვამაყობ, რომ რუსი ვარ და ამას არასდროს დავმალავ". - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, კომპანიას "არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მთავრობასთან" და ინახავს თავის მონაცემებს შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მონაცემების საზღვარგარეთ შენახვა რუსეთის სადაზვერვო ორგანოებს ხელს არ შეუშლის, აიძულონ რუსული ფირმა, ამ მონაცემებზე წვდომა გადასცეს.

 

კომენტარები