რუსეთის საზღვაო ძალები

The Times: რუსეთის ბირთვული ტორპედოს გამოცდა ტექნიკური პრობლემების გამო ჩავარდა

east2west news

The Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ატომური ტორპედოს გამოცდა ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა.

პოსეიდონის ტიპის ტორპედო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარადგინა, როგორც "ახალი ინოვაციური იარაღი". მისი გამოცდა არქტიკაში 30 000 ტონიანი რუსული წყალქვეშა ნავიდან, ბელგოროდიდან იგეგმებოდა. წყალქვეშა ნავი სევერომორსკის პორტში, რუსეთის ფლოტის ბაზაზე ისე დაბრუნდა, რომ ტორპედოს გამოცდის ნიშნები არ შეინიშნება. 

The Times-ის ცნობით, ტექნიკური სირთულეები მოსკოვისთვის დიდ დარტყმას წარმოადგენს, რამდენადაც პოსეიდონი განიხილებოდა, როგორც შეუზღუდავი რადიუსის მქონე, “შეუჩერებელი” იარაღი.

როგორც The Times-ი აღნიშნავს, წარუმატებლობა, შესაძლოა, მიანიშნებდეს საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსეთის არმიის დასუსტებაზე. დასავლეთში ყოველთვის არსებობდა სკეპტიციზმი წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ტორპედოს ატომური რეაქტორის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. 

ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსული საზღვაო ხომალდების მონიტორინგი დაიწყო, რომლებიც არქტიკის ოკეანეში ტორპედოს მოსალოდნელი გამოცდისთვის იკრიბებოდნენ. მათ შორის დაფიქსირდა ბელგოროდის წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია 8 ბირთვული ტორპედოს ერთად გადატანა. 

პოსეიდონის დაგეგმილი გამოცდა დაემთხვა მზარდ შიშს, რომ პუტინს, შესაძლოა, არაერთი წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

როგორც The Times-ი წერს, ბირთვული ტორპედო შეიარაღებაში, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის შევა, თუმცა ტექნიკური სირთულეების გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება მისი ექსპლუატაციაში შესვლა გადაიდოს.

კომენტარები