საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: ქართულ-პოლონური დრონების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ჯუანშერ ბურჭულაძე დელტა-ვებეს საწარმოში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულ-პოლონური კომპანია დელტა-ვებეს უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია, ობიექტი თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.

"ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის  გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამ წლის 9 ივნისს, პარლამენტში გამოსვლის დროს, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ საქართველო უპილოტო საფრენ აპარატებზე უკვე მუშაობდა და წლის ბოლოსთვის ქართულ-პოლონური კომპანია დრონების გამოშვებას აპირებდა.

კომენტარები