რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: გამამხნევებელია, რომ უკრაინამ შეძლო ტერიტორიის დიდი ნაწილის გათავისუფლება

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის გათავისუფლება. ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზით მყოფმა სტოლტენბერგმა, სერგეი შოიგუს მიერ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანების გაცემის შემდეგ ისაუბრა.

"გამამხნევებელია იმის ხილვა, თუ როგორ ახერხებენ გაბედული უკრაინელი ძალები უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის გათავისუფლებას. გამარჯვებები და წარმატებები, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღწევენ, მამაც და გაბედულ უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი გაერთიანებული სამეფოსგან, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან იღებენ". - თქვა სტოლტენბერგმა.

ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იენს სტოლტენბერგი გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის გაგრძელება.

"[სტოლტენბერგმა] მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრს ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის. პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ მისი ლიდერობის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ ეს საჭირო იქნება". - თქვა დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერმა.

კომენტარები