რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური სადგური ისევ უკრაინის ელექტროქსელთანაა მიერთებული

Alexander Ermochenko/Reuters

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ დაუკავშირდა უკრაინის ენერგოსისტემას. ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის დაბომბვამ დააზიანა მაღალი ძაბვის ხაზები.

IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა, მარიანო გროსიმ გაიმეორა მოწოდება სადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული ავარია და დამატებით აღნიშნა, რომ "ჩვენ მეტი დროის დაკარგვა არ შეგვიძლია. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიან არ იქნება". 

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზისორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

კომენტარები