რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ფრონტის ხაზზე ბიჭები წინ მიიწევენ, ოკუპანტები ხომალდების გზას მიჰყვებიან!

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/File Photo

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ბინძურ ბომბზე" ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA-ს) განცხადებას ეხმაურება. ზელენსკის სიტყვებით, დასკვნა აშკარაა - უკრაინაში "ბიძური ბომბი" არავის შეუქმნია და არ აპირებს, რომ შექმნას. 

"ჩვენ შემოწმებისთვის IAEA მოვიწვიეთ. ჩვენ მათ ობიექტებზე მოქმედების სრული თავისუფლება მივეცით - შედეგად, გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ უკრაინაში "ბინძური ბომბი" არავის შეუქმნია და მის შექმნას არავინ აპირებს. ერთადერთი ბინძური რამ, რაც ახლა რეგიონშია, მათი თავებია, რომლებმაც, სამწუხაროდ, რუსეთზე კონტროლი ჩაიგდეს ხელში და უკრაინასა და მსოფლიოს ატერორებენ. 

დიდება ყველას, ვინც ჩვენს სახელმწიფოს იცავს! დიდება ყველას, ვინც იბრძის და შრომობს, გვაახლოვებს გამარჯვებასთან! რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები მიცურავენ, რაც შეეხება დამპყრობლებს - ისინიც... ხომალდების გზას მიჰყვებიან! დიდება უკრაინას!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, უკრაინაში ბირთვული სადგურის 3 ობიექტზე არადეკლარირებული ბირთვული აქტივობის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი არ გვხვდება. IAEA-მ ობიექტები კიევის მოთხოვნით მას შემდეგ შეამოწმა, რაც რუსეთმა უკრაინა "ბინძური ბომბის" შექმნაში დაადანაშაულა. 

"ჩვენი ტექნიკური და სამეცნიერო შეფასებით, არადეკლარირებული ბირთვული აქტივობებისა და მასალის ნიშნები ობიექტებზე არ გვხვდება". - ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში. 

გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინის მიერ ე.წ. "ბინძური ბომბის" მომზადებისა და მისი ზოგადი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია აქვს. 

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ. ეს სიტყვები Bloomberg-თან საუბარში გაიმეორა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რუსეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი "ბინძური ბომბის" საბაბს, შესაძლოა, ესკალაციისთვის იყენებდეს.

ბინძურ ბომბად მოიხსენიებენ კუსტარულად დამზადებულ ბირთვულ იარაღს.

კომენტარები