რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა პუტინის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პუტინის მთავრობას ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს

"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ტერორისტულად ცნობს". - წერია რეზოლუციაში. 

რეზოლუციას მხარი კომიტეტის 14 წევრიდან 12-მა დაუჭირა. 

დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინაში. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ თავდასხმების ბოლო ტალღის მთავარი სამიზნე სამთავრობო ოფისები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილების დაბომბვა და ჯარების განლაგება წარმოადგენს საფრთხეს, თანაც, არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა, ასევე უკრაინის მიმართ წაყენებული ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებები არის ესკალაციის მცდელობა და საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის". - ნათქვამია რეზოლუციაში. 

რეზოლუციაში კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით შექმნილი რუსული ჯარების და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებები, ევროპარლამენტარების შეფასებით,  ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნებს შეიცავს და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. 

კომიტეტი ასევე მხარს უჭერს საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას.

აქამდე, პუტინის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად პოლონეთის სენატმა ერთხმად ცნო. 

13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად აღარებს. რეზოლუციაში ასევე შეტანილია ცვლილება, რომელიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 

კომენტარები