რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: G7 პუტინს უკრაინისა და საერთაშორისო ერთიანობის დაშლის უფლებას არ მისცემს

Morris MacMatzen/Getty Images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ბერბოკმა გერმანიის ქალაქ მაუნსტერში გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ისაუბრა

"დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის ზამთრისთვის მომზადებას ერთად ვიწყებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უამრავი ადამიანი - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - მომავალ ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სისასტიკის გამო შიმშილით, ან სიცივით დაიღუპონ. დიდი შვიდეული პუტინს უკრაინისა და საერთაშორისო ერთიანობის დაშლის უფლებას არ მისცემს". - თქვა ბერბოკმა.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, 3 ოქტომბერს მაუნსტერში შეიკრიბნენ, რათა უკრაინის დახმარების გეგმა ევროპაში ლიდერთა ცვლილებისა და მომავალ კვირას აშშ-ს შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა შესაძლო გამარჯვების ფონზე განეხილათ. 

ბერბოკის ინფორმაციით, უკრაინაში ელექტრო ქსელის 30%-ზე მეტი, დაახლოებით 40% განადგურდა. 

"ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შუქი არ იქნება სკოლებში, საავადმყოფოებში, არამედ იმასაც, რომ ელექტროენერგიაზე მომუშავე წყლის ქარხნები ვერ შეძლებენ წყლის ამოტუმბვას. 

ჩვენ ასევე მივაწოდებთ გამათბობლებს, ტუმბოებს, საწოლებს, საბნებსა და კარვებს". - თქვა ბერბოკმა.

ბერბოკის ცნობით, უკრაინის ზამთრისთვის მომზადებასა და დახმარებას კოორდინაციას დიდი შვიდეულის ლიდერები გაუწევენ.

კომენტარები