სამხრეთ კორეა

რა მოხდა ჰელოუინზე სამხრეთ კორეაში – როგორ და რატომ ხდება ჭყლეტა?

29 ოქტომბერს ჰელოუინის აღსანიშნავად სეულის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მალევე, თვითმხილველთა თქმით, შეკრებილებისთვის მოძრაობა შეუძლებელი გახდა, სუნთქვა კი გართულდა. 

დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს - როგორ იქცა დღესასწაული ტრაგედიად. 

სეული უკვე დიდი ხანია, პოპულარული ადგილია ჰელოუნის აღსანიშნავად. ფესტივალზე ადამიანები სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩადიან. თუმცა, პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია, ტრადიციული წვეულება არ ჩატარებულა.

კოვიდშეზღუდვების გაუქმების შემდეგ ეს პირველი შეკრება იყო. მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროები და ბილეთები  წინასწარ დაჯავშნეს, ამიტომ ხალხის დიდი მასა მოსალოდნელი იყო.

რა მოხდა? 

მოწმეებმა CNN-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ხალხის მასა უკონტროლო იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანან ადამიანები, რომლებიც ვიწრო ქუჩებში ერთად, მჭიდროდ დგანან. 

ხალხმრავლობა უჩვეულო არც ამ ტერიტორიისთვისაა და არც სეულის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც 10-მილიონიან ქალაქში გადაჭედილ ქუჩებსა და მეტროებს მიჩვეულები არიან. 

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ხალხს გარკვეული დრო დასჭირდა იმის გასაგებად, რომ რაღაც განსხვავებული იყო, რადგან პანიკურ ყვირილს ფარავდა მუსიკა კლუბებიდან და ბარებიდან.

"ადამიანები პანიკის გამო არ იღუპებიან. ისინი პანიკაში არიან, რადგან იღუპებიან. როდესაც სხეულები ძირს ცვივა, ადამიანები ერთმანეთს ეჯახებიან და უშედეგოდ ცდილობენ წამოდგომას, ხელები და ფეხები ეხლართებათ". - ამბობს ბრბოს მკვლევარი.

კოსტუმებმა ათასობით ადამიანი კიდევ უფრო დააბნია, რამაც ქაოსი გააძლიერა. თვითმხილველის თქმით, მან დაინახა პოლიციელი, რომელიც ხალხს წესრიგისკენ მოუწოდებდა, თუმცა, დიდმა ნაწილმა ის პოლიციის ფორმაში გადაცმულ წვეულების მონაწილედ ჩათვალა. 

ჭყლეტა

სეულში ჰელოუინამდე, ჭყლეტა მოხდა ჰიუსტონის მუსიკალურ ფესტივალზე, ინგლისის ფეხბურთის სტადიონზე, ჩიკაგოს ღამის კლუბსა და სხვა უამრავ შეკრებაზე: ხალხის დიდი მასა იძვროდა გასასვლელისკენ, სათამაშო მოედნისა თუ სცენისკენ, იმდენად ძლიერად, რომ საბოლოოდ ადამიანები ერთმანეთს აზიანებდნენ. 

29 ოქტომბერს სეულში ვიწრო ქუჩაზე ხალხის მასის მოძრაობამ 150-მდე ადამიანის სიკვდილი და 158-ის დაშავება გამოიწვია. როგორ იღუპებიან ადამიანები მსგავს ქაოსში? 

თუ ფილმებს დავუჯერებთ, ადამიანები გაქცევისას ძირითადად ფეხქვეშ გათელვით კვდებიან, თუმცა, სინამდვილეში, ხალხის მასაში სიკვდილის მთავარი მიზეზი დახრჩობაა. 

ჭყლეტისას ზეწოლა ართულებს სუნთქვას, რადგან ადამიანების ფილტვებს სივრცე სჭირდება გასაფართოვებლად. შემჭიდროებისას დაახლოებით ექვსი წუთია საკმარისი კომპრესიული ან შემზღუდველი ასფიქსიისთვის.

"როდესაც ადამიანები ვერ ახერხებენ ადგომას, ვერ ამოძრავებენ ხელებსა და ფეხებს, სისხლი ნაკლებად მიეწოდება ტვინს". - შენიშნავს ბრბოს მკვლევარი საფოლკის უნივერსიტეტში, გ. კეიტ სტილი. 

გადარჩენილები ყვებიან ისტორიებს, როგორ უჭირდათ სუნთქვა, როგორ მიყვებოდნენ ხალხის მასას, როგორ ეჭიდებოდნენ კარებსა და ღობეებს, რომლებიც არ იღებოდა. 

რა იწვევს ჭყლეტვას? - ამაზე პასუხისას ბრიტანელი პროფესორი, რომელიც მსგავს საქმეებში მოწმის სახით წარსდგა სასამართლოს წინაშე, მიუთითებს ტრადიციულ მაგალითზე: როდესაც ვიღაც გადაჭედილ კინოთეატრში ყვირის - "ცეცხლი". 

ასევე, ადამიანები იზიანებენ კიდურებს და კარგავენ გონებას, როდესაც სუნთქვა და ხალხის მასისგან თავის დაღწევა უჭირთ. ჭყლეტისას, დაახლოებით 30 წამის შემდეგ ტვინში სისხლის მიმოქცევა იზღუდება. 

ზოგიერთმა საინფორმაციო გამოცემამ დაწერა, რომ სეულში ჭყლეტა მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ბარში ცნობილი სახე იყო, უამრავი ადამიანი კი ამ ადგილისკენ დაიძრა. 

კომენტარები