რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრანა, გაერო და თურქეთი 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ

REUTERS

რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, გაერო, უკრაინა და თურქეთი გუშინ, 30 ოქტომბერს მარცვლეულის 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ. 

მედიის ინფორმაციით, დღეს, 31 ოქტომბერს, უკრაინის პორტი 12-მა გემმა დატოვა - გემებით 354 500 ტონა მარცვლეული გადააქვთ. 

3 დელეგაცია ასევე შეთანხმდა 40 გამავალი გემის შემოწმებაზე. ორივე გადაწყვეტილების შესახებ რუსული მხარე ინფორმირებულია. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგობის პირობებშიც მხარეები კაცობრიობისთვის აუცილებელი სიკეთის განოხრციელებისათვის ძალისხმევას არ დაიშურებენ. 

29 ოქტომბერს რუსეთმა დატოვა შეთანხმება, რომელიც ივლისში გაეროს შუამავლობითა და თურქეთის მოდერაციით დაიდო. შეთანხმება უზრუნველყოფდა უკრაინის პორტებიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ხორბლის (და არა მარტო) უსაფრთხო გადაზიდვას და იმ მცირეთაგანი იყო, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის შედგა ომის დაწყების შემდეგ.  

ივლისში შეთანხმების დადება საჭირო გახდა, რადგან უკრაინიდან, რომელიც რუსეთთან ერთად ხორბლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, გადაზიდვები თითქმის განახევრდა. შეთანხმება 2022 წლის ივლისში დაიდო მსოფლიო სასურსათო კრიზისის საშიშროების განსამუხტად და, მინიმუმ, 29 ოქტომბრამდე ძალაში უნდა ყოფილიყო.  

ცრუ საბაბი: როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, მათი მხრიდან შეთანხმების დარღვევა გამოიწვია სევასტოპოლის ყურეში შაბათ დილით გემებზე თავდასხმამ, რაშიც რუსეთი უკრაინულ დრონებს ადანაშაულებს. უკრაინული მხარე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთმა არასწორად გამოიყენა თავისივე იარაღი.  

"რუსეთი პრობლემების შექმნისა და მათი სხვებზე გადაბრალების ოსტატია". - ამბობს ორისია ლუცევიჩი, უკრაინის ფორუმის მენეჯერი რუსეთსა და ევრაზიის პროგრამაში Chatham House-ში. 

დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ აფეთქებები მარცვლეულის დერეფნიდან 220 კილომეტრის მოშორებით რუსეთმა გამოიყენა, როგორც ცრუ საბაბი დიდი ხნის განზრახული ნაბიჯისთვის. მეტიც, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი მიზნად ისახავს, შეანელოს უკრაინის თავდასხმები შავი ზღვის გარშემო. რუსეთს, ალბათ, აქვს იმედი, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მარცვლეულის შეთანხმების გადასარჩენად ძალების სხვაგან ფოკუსირებას მოსთხოვენ. 

რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებებით ხორბლის ექსპორტი შეეწყვიტა, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი "ნამდვილად აღმაშფოთებლად" მიიჩნევს. მისი აზრით, რუსეთის გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს და გაეროს შუამდგომლობით დადებული ხელშეკრულება განსაზღვრული ვადებით უნდა აღრსულდეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთს ადანაშაულებს საკვების იარაღად გამოყენებაში, რაც პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე და საკვების გლობალურ ფასებზე.  

მრავალი მცდელობის შედეგად დადებული ხელშეკრულება, რომელმაც შავ ზღვაში რუსული ბლოკადა მოხსნა და 9 მილიონი ტონა ხორბლის გადაზიდვას შეუწყო ხელი, დღეს ისევ დავის საკითხია. როგორც ზელენსკი მიიჩნევს, რუსეთი "შიმშილით აშანტაჟებს მსოფლიოს" და გლობალური სასურსათო კრიზისის საშიშროება კვლავ დღის წესრიგშია.

კომენტარები