ჰიდროელექტროსადგურები

ღარიბაშვილი: მომდევნო 3 წელში ენერგეტიკის სფეროში მინიმუმ $3 მილიარდის ინვესტიციას ველით

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა მომდევნო 3 წელში ენეგრეტიკის სექტორში მინიმუმ $3 მილიარდის ინვესტიციას ელოდება. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ინვესტიციის ეს რაოდენობა სექტორში იმ შემთხვევაში შემოვა, თუ ყველა არსებული "პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული".

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჰიდრორესურსებს გონივრულად გამოყენება სჭირდება, ახალი ჰესების მშენებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და დაპირებაა.

"მოგეხსენებათ, რომ მითუმეტეს ამ ომმა, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, და კრიზისმა გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა". – ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების სქემა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მას უახლოს რამდენიმე დღეში ოფიციალური სახეც მიეცემა. 

"ახალი სქემით – მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე გაცემულია მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე. ახალი სქემა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი". – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ ამ 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით ქვეყანა, დაახლოებით, 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ელოდება. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც მთავრობა ცალკე იმსჯელებს.

"მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10%-ით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ახალი ჰესების მშენებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა". – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები