რუსეთი

პრიგოჟინი რუსეთის გენერალურ პროკურორს YouTube-ის აკრძალვას სთხოვს

ევგენი პრიგოჟინი

რუსი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფინანსებელი და შემქმნელი, ევგენი პრიგოჟინი, ასევე ცნობილი, როგორც პუტინის მზარეული, რუსეთის გენერალურ პროკურორს ქვეყანაში YouTube-ის საქმიანობის აკრძალვის თხოვნით მიმართავს.

პრიგოჟინი გენერალურ პროკურორს სთხოვს, რომ რუსეთში YouTube-ის საქმიანობა შეამოწმონ და განიხილონ ამერიკული კომპანია Google-ისთვის არასასურველი კომპანიის სტატუსის მინიჭება.

პრიგოჟინის მტკიცებით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიწყო "სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომი", რომელშიც, მისივე თქმით, აქტიურად იყენებენ YouTube-ს. მისი აზრით, რუსეთში YouTube-ის ჩამნაცვლებელი "ღირსეული" პლატფორმები არსებობს.

პრიგოჟინის გავრცელებულ მიმართვაში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი) მიმართ, რომ მარეგულირებელმა ორგანომ YouTube-ის საქმიანობა აქამდე არ აკრძალა.

კომენტარები