რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკა, საკვები – რუსული შანტაჟის პრიმიტიულობა ყველაფერშია

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

"რუსული შანტაჟის პრიმიტიულობა ყველაფერშია. ბირთვული შანტაჟი, ენერგია, საკვები" – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას.

"ფიქციები "ბინძურ ბომბებზე", რომელზეც მთელი მსოფლიო იცინის. ფიქციური ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე. ყველაფერი ძალიან პრიმიტიული და პროგნოზირებადია. კრიმინალების აგონიაა, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ინფანტილური ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ – მათი დრო დასასრულს უახლოვდება". – წერს ერმაკი.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაა გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები