NATO

POLITICO: აშშ ევროპაში გაუმჯობესებული ბირთვული ბომბების განთავსებას აჩქარებს

ავიაგამანადგურებელი F-35 აგდებს B61-12 ტიპის ბირთვული ბომბის სატესტო ვერსიას
National Nuclear Security Administration

როგორც გამოცემა POLITICO წერს, აშშ ევროპაში, NATO-ს ბაზებზე გაუმჯობესებული და ზუსტი ბირთვული ბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა. ამ ინფორმაციას გამოცემა დიპლომატიურ დოკუმენტსა და საკითხში ჩახედულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გაუმჯობესებული B61-12 ტიპის ბომბები, რომლებსაც თვითმფრინავით აგდებენ, ევროპაში მომდევნო გაზაფხულზე უნდა განეთავსებინათ, ახლა კი დეკემბრისთვის იგეგმება. როგორც ეს POLITICO-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ეწერა. დოკუმენტის მიხედვით, ამაზე აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა NATO-ს მოკავშირეებთან გასულ თვეს, ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.

POLITICO აღნიშნავს, რომ ძველი იარაღების ჩანაცვლება მოსკოვის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის გამო რუსეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე ხდება.

"არ ვაპირებთ ჩვენს ბირთვულ არსენალზე დეტალების განხილვას, თუმცა აშშ-ს B61 ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ძველი შეიარაღების B61-12 ვერსიით უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით ჩანაცვლების გეგმა დიდი ხნის დაგეგმილი მოდერნიზაციის მონდომების ნაწილია. ეს არანაირად უკავშირდება უკრაინაში ამჟამინდელ მოვლენებს და არ ყოფილა არანაირად დაჩქარებული". –  თქვა POLITICO-სთან პენტაგონის სპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა.

POLITICO აღნიშნავს, რომ ბრიუსელში შეიარაღების ჩანაცვლების პროცესის დაჩქარებაზე NATO-ს ბირთული წვრთნების, Steadfast Noon-ის დაწყებამდე ისაუბრეს.

POLITICO-ს ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში NATO-ს წევრები გამოთქვამდნენ, რომ არ უნდა დანებდნენ პუტინის ბირთვულ შანტაჟს.

კომენტარები