რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FP: რუსეთი ავღანელი კომანდოების რეკრუტირებას ცდილობს

ავღანელი კომანდოები
AP / რაჰმატ გული

გამოცემა Foreign Policy-ს ინფორმაციით, ავღანეთის ძველი მთავრობის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფების სამხედროების, კომანდოების თქმით, მათ უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად უკავშირდებიან. 

FP-სთან რამდენიმე წყარო, რომლებიც ავღანეთის ყოფილი სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები არიან, ამბობს, რომ ქვეითებმა, რომლებსაც თითქმის 20 წელი აშშ წვრთნიდა და მათთან ერთად იბრძოდა, შესაძლოა, ბრძოლის ველზე ცვლილებები შეიტანონ.

გასულ წელს, ქაბულის დაცემის შემდეგ, ავღანეთში 20 000-30 000-მდე მოხალისე კომანდო დარჩა, განხორციელდა მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსნის ევაკუაცია. ათასობით სამხედრო რეგიონში მიმოიფანტა, რათა თალიბანის შურისძიებას გადარჩენოდნენ. ბევრი კომანდო, რომლებიც კვლავ ავღანეთში რჩებიან, იმალებიან, რათა დაკავებასა და სიკვდილით დასჯას თავი აარიდონ.

აშშ-მ ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შენებაში დაახლოებით $90 მილიარდი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალები მთლიანობაში უუნარო იყო და ქვეყანა თალიბანს მხოლოდ რამდენიმე კვირაში გადასცეს, კომანდოები ყოველთვის კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და მეტი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. მათ ამზადებნენ აშშ-ს საზღვაო ძალები და ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახური. 

ბევრი კომანდო ახლა უმუშევარია და გამოუვალ მდგომარეობაშია, ზოგიერთი აშშ-სა და ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლას ელის, რაც მათ რეკრუტირების შესაძლებლობას ამარტივებს. 

ავღანეთის უსაფთხოების ყოფილი წარმომადგენლის თქმით, ეს ფაქტორები მათ რუსი დამქირავებლებისთვის მარტივ სამიზნეებად აქცევს. ავღანეთის უსაფრთხოების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი კი ანონიმურად ამბობს, რომ კომანდოების რუსეთის სამხედრო სტრუქტურაში შესვლა ბრძოლის მსვლელობის შემცვლელი იქნება. 

ავღანელი კომანდოების ერთ-ერთი ყოფილი ოფიცერი ამბობს, რომ მათ რეკრუტირებას რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი ხელმძღვანელობს.

"გეუბნებით [დამქირავებელი] ვაგნერის ჯგუფია. ისინი ხალხს ყველა ადგილიდან კრებენ. ერთადერთი ორგანო, რომელიც [რუსეთისთვის] უცხოელი სამხედროების რეკრუტირებას ეწევა, ვაგნერის ჯგუფია, არა მათი არმია. ეს ვარაუდი არაა, ეს ცნობილი ფაქტია. უმჯობესი იქნება თუ მათ (კომანდოებს) დასავლელი მოკავშირეები უკრაინის მხარეს საბრძოლველად გამოიყენებენ. მათ რუსებისთვის ბრძოლა არ სურთ. რუსები მტრები არიან. მაგრამ სხვას რას გააკეთებენ?" . – თქვა ყოფილმა კომანდომ. 

FP-ს ცნობით, ზოგიერთი კომანდო ამბობს, რომ მათ WhatsApp-სა და Signal-ზე უკავშირდებიან, რათა იბრძოლონ რყსეთის "უცხოურ ლეგიონში", როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი მოიხსენიებს. რეკრუტირების ამბავმა ავღანეთის ყოფილ სამხედროთა და უსაფრთხოების სამსახურის წრეებში განგაში გამოიწვია, რადგან თვლიან, რომ 10 000-მდე ყოფილი კომანდო შესაძლოა რუსეთის შეთავაზებას დათანხმდეს. "მათ არ აქვთ ქვეყანა, არ აქვთ სამსახური, არ აქვთ მომავალი. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ". – თქვა ერთ-ერთმა სამხედრო წყარომ FP-სთან.

კომანდოების ყოფილმა კაპიტანმა თქვა, რომ ის რამდენიმე კოლეგას დაეხმარა, რომ ისინი თეირანში არსებულ რეკრუტირების ოფისს დაკავშირებოდნენ. მისი თქმით, რეკრუტები ჯერ ირანში, შემდეგ კი რუსეთში გადაიყვანეს. მისი თქმით, უცნობია რა ბედი ეწიათ მათ ამის შემდეგ. "როდესაც ისინი რუსეთის შეთავაზებას თანხმდებიან, კომანდოები მობილურებს თიშავენ. მოქმედებას საიდუმლოდ აგრძელებენ". – თქვა ყოფილმა სამხედრომ.

კომენტარები