რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინაში ომის მიმდინარეობის გამო ძალოვანები პუტინს ღიად უპირისპირდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებიან საზღვაო ძალების აღლუმს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, 2022 წლის 31 ივლისი
Sputnik/Alexei Danichev/Pool via REUTERS

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 25 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუს ძალოვანებსა და ვლადიმირ პუტინს შორის უთანხმოებაა და ისინი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე ომის წარუმატებლობის გამო ღიად უპირისპირდებიან.

ანგარიშში ნახსენებია ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინაში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების კონტრშეტევებზე რუსეთის "სუსტი" პასუხის გამო. ასევე, კადიროვის მიხედვით, უკრაინაში არა სპეციალური ოპერაცია, არამედ ომი მიმდინარეობს, რადგან მისი თქმით, უკრაინა თავს ესხმის რუსეთის ტერიტორიებს.

ასევე, აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი. არსებული ინფორმაციით, პრიგოჟინი უკმაყოფილოა, რომ რუსეთი ძლიერ არის დამოკიდებული ვაგნერის ჯგუფზე და ამის მიუხედავად მას არც აფინანსებს და არც საჭირო რესურსებს არ აწვდის. პრიგოჟინმა უარყო აშშ-ს დაზვერვის ინფორმაცია.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის, დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

26 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმის განგაშის სირენები უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე ჩაირთო, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ოლქებისა და ოკუპირებული ყირიმის გარდა.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება.

კომენტარები