სახელმწიფო მიწების მითვისება

POG: კახეთში სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალი წარედგინა. ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122 700 ლარად ღირებულ 79 232 კვ.მ. უძრავ ქონებას.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების  მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას.

პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს - 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით  (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება)  წარედგინათ.

ბრალდებულები  გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

კომენტარები