იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ლელო მურუსიძე-გვრიტიშვილზე: მიზანმიმართულად ანადგურებს EU-ს კანდიდატობის მოპოვების შანსს

ლელო საქართველოსთვის / Facebook

"იუსტიციის საბჭოში განხორციელებული ფასადური არჩევნებით, ქართულმა ოცნებამ განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა".- ასე ეხმიანება ლელო საქართველოსთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის არჩევას

ლელო მიიჩნევს, რომ ევროპული კომისიის 12 პუნქტის შესრულების მაგიერ, ხელისუფლებამ  მორიგ ჯერზე გაამყარა "სასამართლო კლანის" ძალაუფლება და გააძლიერა საკუთარი პოლიტიკური კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე. 

"სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის განხორციელების ნაცვლად, რაც ევროინტეგრაციის პროცესის სულისკვეთებას ასახავდა, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად "კლანის" ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია. 

ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულვებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.

ლელოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმებიდან არცერთი რეფორმის გატარებას, რადგან "ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული კავშირის იდეალებთან".- აღნიშნულია განცხადებაში. 


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილის და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც ე.წ სასამართლო კლანის წევრია აცხადებს, რომ რომ სასამართლოში არსებულ ყველა პრობლემას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ "პირადად უპასუხოს ბრალდებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს". 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს. ერთერთი პირობა სწორედ სასამართლო რეფორმაა.

"მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე.

უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ინსტიტუციური ჯაჭვის ნებისმიერ რგოლზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნას ძალაუფლების განაწილება.უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, გამართული ფუნქციონირება და აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი ხარვეზი, მათ შორის ყველა დონის მოსამართლისა და გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა.

განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - წერია ევროკომიიის დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა საბჭომაც გაიზიარა. 

კომენტარები