რუსეთი

"ძრავში მოხვედრილი ორი თოლია" – რუსეთში სამხედრო Су-34-ის ჩამოვარდნის მიზეზს ასახელებენ

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელ Су-34-ის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავში გაჭედილი 2 თოლია გახდა. 

როგორც რუსული სამთავრობო მედია TASS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთ ძრავში ხანძრის გაჩენა მასში თოლიების გაჭედვით იყო გამოწვეული. 

"Су-34-ის ძრავში აფრენის დროს 2 თოლია იყო გაჭედილი - მათი ნაწილები ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესწავლის დროს აღმოაჩინეს. ამან [თოლიების გაჭედვამ] გამოიწვია ხანძრის გაჩენა ერთ-ერთ ძრავში, რასაც შემდეგ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა". - ციტირებს მედია საკუთარ წყაროს.  

ავიაგამანადგურებელი რუსეთის ქალაქ იეისკში 17 ოქტომბერს, კორპუსებთან ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 13 მოქალაქე, მათგან 3 ბავშვია. ასევე, ხანძრის კორპუსებზე გავრცელების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე სამხედრო თვითმფრინავი სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა. შეჯახებამდე პილოტებმა Су-34-ის დატოვება მოახერხეს და თქვეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. Су-34-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები