რუსეთი

რუსეთში, იეისკში Су-34-ს ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იეისკში რუსული ავიაგამანადგურებლის, Су-34-ის კორპუსებთან ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, აქედან 3 - ბავშვია. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს.  მათ გარდა, დაშავდა 19 ადამიანი, აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი - ძალიან მძიმე. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოების დროს მოახერხეს 68 ადამიანის გადარჩენა და დაახლოებით 360-ის ევაკუაცია. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე სამხედრო თვითმფრინავი სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა. მათივე ცნობით, შეჯახებამდე პილოტებმა Су-34-ის დატოვება მოახერხეს. რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ პილოტების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა.  

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, დაზიანდა კორპუსები. გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანებულ სახლებში 600 ადამიანი ცხოვრობდა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა კრემლმაც - განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რეგიონის ხელმძღვანელს, საგანგებო სიტუაციების მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს იეისკში გაფრენა და დაშავებულების დახმარება დაავალა.  

Су-34-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები