იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მელია: მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევით, ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით, მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები. 

მისი თქმით, სასამართლო სისტემამ და  ხელისუფლებამ მურუსიძის არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე.  

"ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს.  მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.

ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს - მურისიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში!    

სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს  მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას".- ამბობს ნიკა მელია. 

მისივე თქმით, "ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას" - უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში. ნიკა მელია დასავლელ პარტნიორებს სწრაფი და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადჰყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ  ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფრების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია".- აღნიშნავს მელია. 


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილის და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც ე.წ სასამართლო კლანის წევრია აცხადებს, რომ რომ სასამართლოში არსებულ ყველა პრობლემას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ "პირადად უპასუხოს ბრალდებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს". 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს. ერთერთი პირობა სწორედ სასამართლო რეფორმაა.

"მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე.

უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ინსტიტუციური ჯაჭვის ნებისმიერ რგოლზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნას ძალაუფლების განაწილება.უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, გამართული ფუნქციონირება და აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი ხარვეზი, მათ შორის ყველა დონის მოსამართლისა და გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა.

განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - წერია ევროკომიიის დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა საბჭომაც გაიზიარა. 

კომენტარები