რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი შოიგუზე: ყველას კარგად ესმის, ვინ არის ამ ომში ყოველგვარი სიბინძურის წყარო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ "ბინძურ ბომბზე" ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპაში ბირთვული ომის გამოყენება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

ზელენსკიმ გააკრიტიკა შოიგუ, რომელმაც დასავლელ კოლეგებთან დიალოგში თქვა, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებისთვის ემზადება. "ბინძური ბომბი" რადიოაქტიური მასალისგან შემდგარი ბომბია. 

"თუ ვინმეს ევროპის ამ ნაწილში ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია, ამის მხოლოდ ერთი წყარო არსებობს და ეს წყარო არის ის, ვინც ამხანაგ შოიგუს აქეთ-იქეთ დარეკვა უბრძანა". - თქვა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. 

ზელენსკის სიტყვებით, შოიგუს სატელეფონო კარუსელმა ყველაფერი ნათლად აჩვენა - "ყველას კარგად ესმის ის, თუ ვინ არის ამ ომში ყოველგვარი სიბინძურის წყარო".

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დღეს, 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბრები საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან, აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა

შოიგუმ NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას "ბინძური ბომბის" აფეთქება შეუძლია. მისი თქმით, ეს არის მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს. რუსეთს რაიმე მტკიცებულება, რომელიც შოიგუს განცხადებას დაადასტურებს, არ წარმოუდგენია.

სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბით", რომელიც ვებ-გვერდზე ძველი თარიღით, 23 სექტემბრით აიტვირთა. 

სტატიაში მოყვანილი ცნობები "ბინძურ ბომბთან" დაკავშირებით რუსეთის "სანდო წყაროებს" ეყრდნობა, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ამგვარი ბომბის არსებობას, ან უკრაინაში მზადების პროცესს დაადასტურებს, არ არსებობს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ უკრაინის ხელისუფლება "ბინძური ბომბის" დამზადების დასკვნით ეტაპზეა, ხოლო ბირთვული კომპონენტების მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნებთან აწარმოებს. 

კომენტარები