რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: უკრაინისთვის მშვიდობის პერსპექტივა არსებობს, ის რაღაც მომენტში დადგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
REUTERS/Remo Casilli

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის მუქარების მიუხედავად, უკრაინაში მშვიდობის დადგომის შანსი არსებობს.

"უკრაინისთვის მშვიდობის პერსპექტივა არსებობს, ის რაღაც მომენტში დადგება.

კონკრეტულ მომენტში, იმის გათვალისწინებით, როგორ ვითარდება მოვლენები, როდესაც უკრაინელი ხალხი და მათი ლიდერები გადაწყვეტენ, თუ რა იქნება კონკრეტული პირობები, სამშვიდობო შეთანხმება მეორე მხარესთან შესაძლოა შედგეს". - თქვა მაკრონმა რომში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც მიზნად მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობის გზების ძიებას ისახავს. 

კვირას რუსეთმა უკრაინის მიერ დაბრუნებულ მიკოლაევზე საჰაერო თავდასხმები განაახლა. ასევე, კრემლის ცნობით, კონფლიქტი "უკონტროლო ესკალაციისკენ" მიდის. 

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დღეს, 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბრები საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრ სებასტიან ლეკორნოს, აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა. 

შოიგუმ დასავლელ მინისტრებთან საუბარში თქვა, რომ უკრაინას "ბინძური ბომბის" აფეთქება შეუძლია. მისი თქმით, ეს არის მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს. რუსეთს რაიმე მტკიცებულება, რომელიც შოიგუს განცხადებას დაადასტურებს, არ წარმოუდგენია. 

24 თებერვლის შემდეგ, საფრანგეთმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პარიზი მოსკოვთან დიპლომატიურ არხებს შეინარჩუნებს და ბოლომდე ეცდება კონფლიქტის ამავე გზით გადაჭრას. 

კომენტარები