სახაროვის პრემია

ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია გადასცა

ევროპარლამენტმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად, უკრაინელი ხალხი აზროვნების თავისუფლებისთვის 2022 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდოსთან ერთად, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ფულადი სახით 50 000 ევროც გადაეცემათ.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოეხმაურა.

"უკრაინელი ხალხი დგას იმისთვის, რისიც სჯერა. ისინი ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვიან. უკრაინელები იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ისინი ჩვენთვის საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ. უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიის საამაყო გამარჯვებულია, ამას მათზე მეტად არავინ იმსახურებდა. ვულოცავ გმირ უკრაინელ ხალხს". - წერს მეცოლა ტვიტერის გვერდზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტსა და მის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ამ ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლმენტმა 1988 წელს დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები