ვაკის პარკი

კალაძე: უწყებებს ვავალებ, შეამოწმონ ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც მშენექსპერტმა გააკეთა

თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებულ უწყებებს ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება დაავალა, რომლის ექსპერტიზაც შპს მშენექსპერტმა გააკეთა. მშენექსპერტი საექსპერტო ბიუროა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

"მინდა დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს მშენექსპერტს. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს". – თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიებით დადგინდა, რომ გრინსერვის +-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა მშენექსპერტთან. მშენექსპერტის დირექტორმა – ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა – დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის +-ის თანამშრომელს – დ. კ.-ს.

ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს გრინსერვის +-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა გრინსერვის +-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა – დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

კომენტარები