რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურმა ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი აღადგინა

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
Reuters

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ერთადერთ დარჩენილ, 750 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი აღდგა.

რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც აჩვენებს რამდენად არასტაბილურია ბირთვული უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და რამდენად აუცილებელია სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა.

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზისორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები