IPRM

აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენას განიხილავენ

TASS

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსული მხარე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის (IPRM) აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაცია სოხუმში რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალნისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

"აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ამ ფორმატის განახლების ინტერესი, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციის კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს". – ნათქვამია განცხადებაში.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა 2018 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთი, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო.

ტაბულა გავრცელებული ინფორმაციაზე საქართველოს პოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტრო აცხადებდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის შემდეგ საქართველოს წარმომადგენლებმა უპასუხოდ დატოვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფორმატის განახლების ინიციატივა.

კომენტარები