კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პერსკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები უკრაინაში უცვლელია, თუმცა მათი მიღწევა მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი.
პესკოვის კომენტარი უახლესია ამ კვირის განცხადებათა სერიიდან, სადაც ხაზგასმულია მოსკოვის ღიაობა მოლაპარაკებებისთვის - ტონის ცვლილება რუსული ძალების დამამცირებელ მარცხს შეიძლება დავუკავშიროთ.
"მიმართულება არ შეცვლილა, სპეცოპერაცია გრძელდება ჩვენი მიზნების მისაღწევად, თუმცა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის". - თქვა პესკოვმა.
თუმცა პესკოვმა დამატებით აღნიშნა, რომ დასავლეთთან უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს, რადგან მათ რუსეთის მიმართ "მტრული" დამოკიდებულება აქვთ.
"დიალოგს ორი მხარე სჭირდება, რადგან დასავლეთი ახლა ძალიან, ძალიან მტრულ პოზიციას იკავებს ჩვენ მიმართ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი [მოლაპარაკების] პერსპექტივა იყოს უახლოეს მომავალში". - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ღიაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უარყო, რომ აშშ-სგან მოლაპარაკებაზე შემოთავაზება მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთმა გასულ თვეში უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამოაცხადა და ამ კვირაში უკრაინის ქალაქებს დაესხა თავს.





