რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოიყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება

იენს სტოლტენბერგი
nato.int

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს, ან ნებისმიერი სახის ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ეს არის ის, რაც რუსეთმა ძალიან კარგად იცის. NATO-ს მოკავშირეებმა ეს რუსეთს სხვადასხვა გზით აცნობეს და ჩვენ დავასახელებთ კონკრეტულ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხებთ. თუმცა, ცხადია, რომ ეს ფუნდამენტურად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზის გადაკვეთა, თუნდაც მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენება – ეს ძალიან სერიოზული იქნება და ცხადია ამას ექნება შედეგები. რუსეთმა იცის, რომ ამას მოჰყვება შედეგები". - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO ფხიზლად არის და განაგრძობს რუსეთის ბირთვული ძალების მონიტორინგს. მათ შორის, ალიანსი ყურადღებით დააკვირდება რუსეთში დაგეგმილ ბირთვულ სამხედრო სწავლებას.

ამასთან, სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რა შემთხვევაშიც ალიანს, შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, თუმცა მისი შეფასებით, ასეთი შესაძლებლობა, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა.

კომენტარები