რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიიტანოს იერიში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2-ის გამოყენება გაანახლოს.

"მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, რომ ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო". - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუს დროს.

ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთი ასეთი შანტაჟით შეეცდება დააშინოს ევროკავშირი და აიძულოს ის გაზსადენ Nord Stream 2-ის ამოქმედება, რაც ევროპამ არ უნდა დაუშვას.

27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

დასავლეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა სახელმწიფო აქტორის მიერ განზრახ განხორციელდა. 

ასევე, დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების მიხედვით, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კომენტარები