რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვენედიქტოვი: უკრაინის მიღებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, NATO-ში ეს ესმით

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვენედიქტოვის თქმით, უკრაინის NATO-ში მიღებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს და ეს ალიანსში ესმით.

ვენედიქტოვის შეფასებით, უკრაინის მიერ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის შეტანა "პროპაგანდისტული სვლა" იყო.

"კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და კიდევ ერთხელ მოხდეს ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის არაერთი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ რომელიმე მათგანი იმედოვნებს მათი ქვეყნის NATO-ში მიღებას". - თქვა ვენედიქტოვმა.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, დასავლური ქვეყნების ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კონფლიქტის უშუალო მხარეს წარმოადგენენ, NATO-ში უკრაინის მიღება კი მონაწილეობას ავტომატურად ახალ ხარისხში გადაიყვანს, რადგან ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი ამოქმედდება.

"ასეთ ქმედებებს სერიოზული შედეგები ექნება მთელი კაცობრიობისთვის. ეს ნაბიჯი, რომ თვითმკვლელობაა ალიანსში კარგად ესმით. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: უკრაინას NATO-ში ან აშშ-ს მიერ შექმნილ სხვა ალიანსში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია". - თქვა ვენედიქტოვმა.

კომენტარები