რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

25 ოქტომბრიდან ჩეხეთი რუს ტურისტებს საზღვარს ჩაუკეტავს – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი
REUTERS/Mike Segar

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, ჩეხეთი რუს ტურისტებზე ვიზების გაცემას 25 ოქტომბრიდან აკრძალავს

24 თებერვლის შემდეგ, ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა ნაწილობრივ უკვე აკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ ჰუმანიტარული ნიშნით გაცემული ვიზები წარმოადგენდა, თუმცა, ქვეყანა საზღვარზე ევროკავშირის შენგენის ზონიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეებსაც უშვებდა. ხოლო ახალი წესის მიხედვით, ჩეხეთში შესვლას რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც ვეღარ შეძლებენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ რუსული რაკეტები უკრაინაში საბავშვო მოედნებსა და უბრალო ხალხს ეცემა, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე საერთაშორისო აეროპორტების გავლით, ყოველდღიურად მიემგზავრება ჩეხეთში". - თქვა ლიპავსკიმ. 

ლიპავსკის თქმით, აკრძალვა შეეხებათ იმ რუსებსაც, რომლებსაც გარდა ტურისტულისა, სპორტული, ან კულტურული დანიშნულების ვიზები აქვთ.

აქამდე, ლატვიამ დანარჩენ ორ ბალტიის ქვეყანასა და პოლონეთთან ერთად რუსი ტურისტებისთვის საზღვარი 19 სექტემბრიდან ჩაკეტა. 

8 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ერთობლივად განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს შენგენის მთელ ზონაში ჩაკეტავენ. ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნების უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიან. 

გარდა ამისა, ოთხი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის გარე საზღვრის კონტროლი მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილება მორალურად არასწორია. 

კომენტარები