რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება შემაშფოთებელია – პუტინი IAEA-ს ხელმძღვანელს

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია და დასძინა, რომ მოსკოვი დიალოგისთვის "ღიაა".

"ჩვენ ვხედავთ ზედმეტად სახიფათო პოლიტიზაციის ელემენტებს ბირთვულ აქტივობასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი ძალისხმევით შევძლებთ შევამციროთ ყველა ეს რიტორიკა და ჩვენი თანამშრომლობის ამ სფეროს ნორმალიზება მოხდეს, მიუხედავად ტურბულენტობისა და ყველა რთული პროცესისა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს". – თქვა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გროსისთან შეხვედრის წინ.

პუტინის თქმით, რუსეთი "მოხარულია" განიხილოს ორმხრივი ინტერესის ყველა საკითხი, რომელმაც შეიძლება ვინმეს შეშფოთება გამოიწვიოს.

"რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ღია ვართ ამ დიალოგისთვის". – თქვა პუტინმა.


8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზისორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები