რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დირექტორის მოადგილე გაიტაცეს – ენერგოატომი

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე გაიტაცეს.

"რუსმა ტერორისტებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადამიანური რესურსების გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი და ის გაურკვეველ ადგილას ჰყავთ". – ნათქვამია განცხადებაში.

ენერგოატომის განცხადებით, რუსულ ძალებს ქარხნის პერსონალის პირადი ფაილების მიღება სურდათ, რათა უკრაინელ თანამშრომლებს აიძულონ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ მუშაობა Rosatom-ისთვის [რუსეთის ბირთვულ ოპერატორში].

"მივმართავთ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორს, რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან ვალერი მარტინიუკის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად". – წერს ენერგოატომი.

ოქტომბრის დასაწყისში რუსულმა ძალებმა ასევე დააკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორიც, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს და ახლა ის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში რუსული ძალები თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენენ და აიძულებენ, გააფორმონ კონტრაქტები რუსულ ბირთვულ ოპერატორთან, Rosatom-თან.


8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზისორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები