ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნია ძველ კონსტიტუციას უნდა დაუბრუნდეს, ან დაიშალოს – დოდიკი სეცესიის მუქარას ანახლებს

მილორად დოდიკი
 REUTERS/Dado Ruvic

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოებრივი სუბიექტის, სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი კვლავ სეცესიით იმუქრება.

სერბთა რესპუბლიკის მთავარი მოკავშირე ქვეყნის, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ კონფერენციაზე დოდიკმა ბოსნიის სახელმწიფოებრივი მოწყობის კრიტიკა განაახლა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო არაა სიცოცხლისუნარიანი და შექმნილია უცხოელების მიერ.

"ჩვენ შევქმენით სერბთა რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ... და ბოსნია ერთიან სახელმწიფოდ არასდროს მიგვიღია". - თქვა დოდიკმა, რომელიც 1998 წლიდან რეგიონის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის პოსტს, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინის სამშტოიანი საპრეზიდენტო ორგანოს ადგილს იკავებს.

"ბოსნია უნდა ხელახლა განისაზღვროს და დაუბრუნდეს (ორიგინალ) კონსტიტუციას. თუ ეს შეუძლებელია, და ეს შეუძლებელია, ის უნდა დაიშალოს". – თქვა დოდიკმა, რომელიც სერბეთის გარდა, რუსეთის ახლო მოკავშირეცაა. 

აქამდე დოდიკმა ბოსნიაში ჩატარებულ არჩევნებში გამოაცხადა, რომ მისმა პარტიამ მთავრობის ყველა დონეზე, მან კი სერბთა რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ოპოზიციური პარტიები მას გაყალბებაშია ადანაშაულებენ და ხმების გადათვლას ითხოვენ. მათ საპროტესტო აქციები გამართეს რეგიონის დე ფაქტო დედაქალაქში, ბანია ლუკაში. ბოსნიის საარჩევნო კომისიაში თქვეს, რომ ხმათა გადათვლის თხოვნას განიხილავენ მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისში არჩევნების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი. 

დოდიკმა ბოსნიაში გასულ დეკემბერს დაძაბული სიტუაცია შექმნა, მას შემდეგ, რაც სერბთა რესპუბლიკის სეცესია სცადა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, როგორიცაა სასამართლო, საერთო შეიარაღებული ძალები და საგადასახადო სისტემა. დოდიკმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ასევე შიშით, რომ უკრაინის კონფლიქტი ბალკანეთს გადაედებოდა, სეცესიისგან თავი შეიკავა. ის ამბობდა, რომ გეგმას აფერხებდა და არა უარს ამბობდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. შმიდტის ანგარიშამდე, 2021 წლის 14 ოქტომბერს ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა გააჟღერა მუქარა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სერბთა რესპუბლიკის ორგანოების გამოყოფის შესახებ. მუქარა მოიცავდა ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალებიდან ეთნიკური სერბების გამოყოფასაც.

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. ქვეყნის საპრეზიდენტო ორგანო სამნაწილიანია და მისთვის ირჩევენ ბოსნიელ, სერბ და ხორვატ მოხელეებს.

კომენტარები