ბოსნია-ჰერცეგოვინა

აშშ-მ ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს ახალი სანქციები დაუწესა

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი
Reuters

აშშ-მ ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა. აქამდე ვაშინგტონი ბოსნია-ჰერცეგოვინაში დესტაბილიზაციასა და კორუფციასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციებით ემუქრებოდა. 

აშშ-ს ფინანსთა ორგანომ, სახაზინო დეპარტამენტმა დოდიკი, რომელზეც რამდენიმე სანქცია უკვე დაწესებული იყო, დაადანაშაულა კორუფციაში, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში. 

ასევე, სანქციები დაუწესდა ბანია-ლუკაში დაფუძნებულ მედიას, Алтернативна ТВ-ს, რომელზე გავლენაც მილორად დოდიკს აქვს მოპოვებული. ვაშინგტონს ეს ქმედება დაგმეს ბოსნიელ სერბთა ტელევიზიაში და დოდიკთან კავშირში ყოფნას "უაზრობა" უწოდეს.

ამჟამად, დოდიკისა და Алтернативна ТВ-ს ამერიკაში არსებული აქტივები გაყინულია. ამას გარდა, აშშ-მ საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებსაც. ეს აკრძალვა შეეხოთ უმაღლესი სასამართლო საბჭოს ყოფილ პრეზიდენტს, მილან ტაგელტიას, ასევე დეპუტატსა და კონსერვატორული პოლიტიკური პარტიის, დემოკრატიული ქმედების მოძრაობის ლიდერს, მირსად კუკიჩს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების დაწესების შემდეგ თქვა, რომ მსგავსი ქმედება შესაძლოა მომავალში კიდევ განხორციელდეს კორუფციასა და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული პირების მიმართ. 

გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ აპირებდა სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც 1995 წლის ბოსნია-ჰერცეგოვინის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის მცდელობებში იქნებოდნენ დადანაშაულებულები.

მილორად დოდიკი ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიანი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი და ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის ლიდერია. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა. 

გასულ წელს მილორად დოდიკმა გამოაცხადა, რომ ის ბოსნია-ჰერცეგოვინის სტრუქტურიდან აპირებდა სერბეთის არმიის, საგადასახადო სისტემისა და სასამართლოს გამოყოფას, რასაც მოჰყვა დესტაბილიზაციისა და 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შიშები.


ბოსნია-ჰერცეგოვინა შესაძლოა ახალი დესტაბილაზაციის პირისპირ აღმოჩნდეს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. შმიდტის ანგარიშამდე, 2021 წლის 14 ოქტომბერს ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა გააჟღერა მუქარა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სერბთა რესპუბლიკის ორგანოების გამოყოფის შესახებ. მუქარა მოიცავდა ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალებიდან ეთნიკური სერბების გამოყოფასაც. დოდიკის თქმით, ის ამ შემთხვევაში, ბოსნიის ძალებს სერბთა რესპუბლიკის დატოვებას აიძულებდა, მათი ყაზარმების ალყაში მოქცევით. ასევე დაამატა, რომ თუ დასავლეთი ინტერვენციას შეეცდებოდა, მას ჰყავს "მეგობრები", რომლებიც დახმარებას დაჰპირდნენ. მეგობრებში მან ტრადიციული მოკავშირეები, სერბეთი და რუსეთი იგულისხმა.

2021 წლის დეკემბერში, ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა ხმა მისცეს საკუთარი შეიარაღებული ძალების, სასამართლოსა და საგადასახადო სისტემის ბოსნიის სტრუქტურისგან გამოყოფას. ამ სვლას სეცესიისკენ მიმავალ გზად მიიჩნევენ. ხმის მიცემის შედეგები არასავალდებულოა და არაა საბოლოო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერვეგოვინიდან სერბთა ჯარის, სასამართლოსა და საგადასახადო სისტემის შესახებ. ამ პროცესის სრულად განხორციელებას სჭირდება სერბთა რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის ნებართვა

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია.

კომენტარები