რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გათავისუფლებულ ლიმანში 200-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინის ეროვნულ პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა. 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ნაპოვნია 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, მათ შორის ბავშვების. ასევე, 40 მეტრის სიგრძის სამარხში აღმოჩენილია უკრაინელი სამხედროების მასობრივი საფლავი. 

თვითმხილველის თქმით, მან რუსი სამხედროების ბრძანებით, აღნიშნულ ადგილას 20 უკრაინელი სამხედრო დაკრძალა. დაღუპულებს შორის სამხედროების ოჯახის წევრებიც არიან, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

ლიმანის დაკავება კრემლისთვის დიდი მარცხია მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიალზე დონეცკის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები