რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე Starlink-ის მასიური გათიშვის შესახებ იუწყებიან

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციიტ, ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტის ხაზზე ილონ მასკის Starlink-ის საკომუნიკაციო და სანავიგაცო სისტემის გათიშვა დაიწყო. სამხედროების თქმით, ეს მათ წინსვლას აფერხებს.

ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკმა Starlink-ის ათეულობით ტერმინალი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა. გარდა ამისა, SpaceX-ის მიერ შექმნილი ინტერნეტ ნავიგატორები კიევს აშშ-მაც მიაწოდა. Starlink-ის ტერმინალებით უკრაინელი სამხედროები ერთმანეთთან დაკავშირებას ახერხებენ მაშინ, როცა სხვა უსაფრთხო ქსელი აღარ არსებობს ისეთი ინფორმაციის გადასაცემად, როგორიცაა სადაზვერვო ცნობები, ან დრონების სავარაუდო მდებარეობა. ასევე, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ინტერნეტი Starlink-ის ტერმინალით მიეწოდება. 

ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის სიტყვებით, გათიშვებმა გასულ კვირებში ფრონტის ზოგიერთ დანაყოფზე კომუნიკაციის სრულად ჩამოშლა გამოიწვია. წყაროების ცნობით, რიგ შემთხვევებში, ტერმინალები იმ დროს ითიშებოდა, როდესაც უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზი უკვე გადაკვეთილი ჰქონდათ.

რომან სინიცინმა, Serhiy Prytula-ს ფონდის კოორდინატორმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის სისტემებით ამარაგებს, თქვა, რომ გათიშვის სავარაუდო მიზეზი რუსული ძალების მხრიდან ტერმინალის ბოროტად გამოყენების აღკვეთაა.

"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რატომ აკეთებენ ამას Starlink-ის წარმომადგენლები - რათა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მათი ტექნოლოგიის სათავისოდ გამოყენება ვერ შეძლონ". - თქვა სინიცინმა.

ილონ მასკმა Financial Times-თან კომენტარზე უარი თქვა. მოგვიანებით, მან სტატია Twitter-ზე გამოაქვეყნა და გამოცემა პროფესიონალიზმის დაბალ ხარისხში დაადანაშაულა. მასკის მტკიცებით, სიცრუეა, რომ რომელიმე მხარემ Starlink-ის ტერმინალები საკუთარი სახსრებით შეისყიდა. მასკის თქმით, ეს მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ტერმინალს ეხება. 

"ეს ოპერაცია SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს". - წერს მასკი Twitter-ზე. 

კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმაც, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ. 

კომენტარები