რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ხერსონის რეგიონში ჯამში 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი წარმატება. ჩვენ არ ვასახელებთ მიმართულებებს, მაგრამ ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისგან 400 კილომეტრზე მეტის გათავისუფლება უკვე მოხდა და ჩვენ კვლავ წინ მივიწევთ". – თქვა ჰუმენიუკმა. 

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ, 5 ოქტომბერს, დღის განმავლობაში მებრძოლებმა ხერსონის ოლქის სამი დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 

"დღეს მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება ოლექსანდრიას მებრძოლები, რომლებმაც შექმნეს წარმატებული შეტევის,  ხერსონში აქტიური ოპერაციების მომზადებისა და შესრულების წინაპირობა. ამან უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. მხოლოდ ამ 24 საათში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგორივკა და პეტროპავლოვკა. წინსვლა გრძელდება". - თქვა ზელენსკიმ. 

მისივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებმა 6 ირანული დრონი ჩამოაგდეს - ზელენსკიმ მათ სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა. 

კომენტარები