რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებული რეგიონების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, რუსეთს სანქციებს ბრიტანეთიც უწესებს

REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლერლის თქმით, ანექსიის გამოცხადების პასუხად ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებს. 

ახალი სანქციები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ბრიტანეთის მთავარ კომერციულ და ტრანზაქციულ სერვისებზე, ასევე აკრძალავს რუსეთში თითქმის 700 საქონლის ექსპორტს, რომლებიც გადამწყვეტია წარმოების წარმართვისთვის. ამასთანვე, სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორს ელვირა ნაბიულინას.  

"დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად გმობს პუტინის განცხადებას უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან უკრაინის ტერიტორიის რაიმე ანექსიას", - წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კომენტარები