რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფებისთვის საზღვრის დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მხარი დაუჭირა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას. BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით, ამის შესახებ ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა. 

"მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება "რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ" კანონს, რომლის თანახმად მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამხედრო ძალებში, მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან, ეკრძალებათ თავიანთი ადგილის დატოვება. საცხოვრებელი სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით ყველა სამხედრო ვალდებულმა უნდა იხელმძღვანელოს".- წერს ვოლოდინი. 

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის დროს რუსების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმებოდა. 


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები