საქართველო-რუსეთი

ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასულია – შემოსავლები

ზემო ლარსი
RFR/RL

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

"აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდება.

კომენტარები