რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთში სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება – ახალი კანონი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამასთან, სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:

  • სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც რეზერვში არიან და სამხედრო მომზადებაზე არიან გაწვეული, იგივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც საკონტრაქტო ჯარისკაცებს;
  • კანონში გაჩნდა ტერმინი – "ნებაყოფლობითი ჩაბარება", რაც 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება;
  • მკაცრდება პასუხისმგებლობა სამხედრო ბრძანების შეუსრულებლობაზე;
  • მკაცრდება პასუხისმგებლობა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე;
  • მკაცრდება პასუხისმგებლობა სამხედრო მეთაურისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე;
  • მკაცრდება პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის წესების დარღვევასა და სამხედრო ქონების დაკარგვაზე.

ცვლილებების თანახმად, ჩადენილი სამხედრო დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუ ისინი ჩადენილია არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის ან საომარი მოქმედებების პირობებში, არამედ მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია.

კომენტარები