რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

G7: მტკიცედ ვგმობთ ცრუ რეფერენდუმებს, რომელთაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია

G7 დიდი შვიდეული

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას ეხმაურებიან. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ G7 მტკიცედ გმობს ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც უკრაინელი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.  

"ჩვენ, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები მტკიცედ ვგმობთ ცრუ რეფერენდუმს, რომლის ყალბ საბაბად გამოყენებასაც რუსეთი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შეცვლისთვის ცდილობს.  

ეს ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს, ასევე, წინააღმდეგობაშია ერებს შორის კანონის სამართალთან. ამ ცრუ რეფერენდუმს, რომელიც რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა წამოიწყეს, არავითარი იურუდიული ძალა და ლეგიტიმაცია არ გააჩნია". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ასევე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებით, ლეგიტიმაციის არქონას ადასტურებს რუსეთის ნაჩქარევი ორგანიზების მეთოდები, რომელიც არ არის დაფუძნებული დემოკრატიულ ნორმებზე და მოსახლეობის დაშინება.

"რეფერენდუმები ტერიტორიაზე, რომელიც იძულებით მოექცა რუსეთის დროებით კონტროლქვეშ, არანაირად არ წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ნების ლეგიტიმურ გამოხატულებას, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის მცდელობას, შეეცვალათ საზღვრები ძალის გამოყენებით. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ რეფერენდუმებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაბიჯია რუსული ანექსიისკენ და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ შესაძლო ანექსიას, თუ ასე იქნება". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

ასევე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი გმობენ ბირთვულ იარაღზე "უპასუხისმგებლო რიტორიკას".  

განცხადებაში ისინი სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, დაგმონ რუსეთის ცრუ რეფერენდუმები. ასევე, G7-ის წევრები მზად არიან, განაგრძნონ რუსეთისა თუ კერძო პირებისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება.  

"ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კონტროლს ცდილობენ. კერძოდ, ხერსონში ადმინისტრაციულ-პოლიციური რეჟიმის გამკაცრება, სახლების შემოწმება და ადგილობრივ მცხოვრებლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ აღნიშნა, რომ ე.წ. ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე აუკრძალა.

ამასთან ერთად, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფრომაციით, ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტის მონაცემების მიწოდებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰპირდებიან.

კომენტარები