2008 წლის აგვისტოს ომი

COE-ს მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, წარმოადგინოს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა

ცხინვალი, 2008 წელი
Reuters

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპის საბჭოს (COE) მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი (ე.ი. განგრძობადი ოკუპაცია) და აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – ე.წ. ომის საქმე. გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელსაც ეფექტური კონტროლი ჰქონდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივი დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

"მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება უპირობო ვალდებულება ზედმიწევნით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება". – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას.

ქართული სამინისტროს განმარტებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოთქვა ღრმა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულებისთვის გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მიმართულებით.

კომიტეტი აგვისტოს ომის საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.

სექტემბრის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა ასევე განიხილა ე.წ. დეპორტირებულთა საქმეც და რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ფარგლებში კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება რომ, ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა – 10 000 000 ევრო.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლობამ გააჟღერა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება.


2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.

კომენტარები