რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ყაზახეთი მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს ცხოვრების ნებართვას რუსეთის მოქალაქეებზე

ყაზახეთი მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს მუდმივი ცხოვრების ნებართვებს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პარლამენტის სპიკერმა, მაულენ აშიმბაევმა ისაუბრა.

 ამ გადაწყეტილების მიღება მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად, რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. 

"ჩვენი სახელმწიფო დაწესებულებები არ გასცემენ ცხოვრების ნებართვას იმ პირებზე, ვინც ვერ წარმოადგენენ დოკუმენტირებულ მტკიცებულებას, რომ მათი მოქალაქეობის გამცემი ქვეყანა მათი ყაზახეთში გადაცხოვრების წინააღმდეგი არ არის". – თქვა აშიმბაევმა.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა. 

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები